13-21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში, ჩატარდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7-დან 17 წლამდე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ნაკრები 19 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი ტურნირზე და საერთო ჯამში დიდი წარმატებით გამოვიდა, მოიპოვა რა 8 სხვადასხვა სინჯის მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო).
ჩვენი ნაკრებიდან პირველ ადგილს დაეუფლნენ:
15 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე),
13 წლამდე გოგონებში კესარია მგელაძე (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე),
11 წლამდე გოგონებში ანასტასია ჭიჭინაძე (მწვრთნელი გია მენაბდე),
9 წლამდე გოგონებში მარიამ რეხვიაშვილი (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).
აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი მთელი ტურნირის განმავლობაში იყვნენ ლიდერებში და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.
ვერცხლის მედალი მოიპოვეს 7 წლამდე გოგონებში სოფია ლიმარმა (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) და 15 წლამდე გოგონებში მარიამ ცეცხლაძემ (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი).
ბრინჯაოს მედალი აიღეს 7 წლამდე გოგონებში ელენე გოგოლაძემ (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) და 15 წლამდე ბიჭებში ლუკა კილაძემ (მწვრთნელი ზურაბ სტურუა).
დასანანია, რომ 11 წლამდე ბიჭებში დავით თათვიძე (მწვრთნელი ირაკლი ახვლედიანი), რომელმაც 9-დან 6,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო, კოეფიციენტით აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე.
ტურნირზე ჩვენი სკოლის მოსწავლე ნოდარ ღვინიაშვილი იღებდა მონაწილეობას, რომელმაც 9-დან 5 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და 30 ქულა შემატა თავის რეიტინგს.
ვიმედოვნებთ, ტურნირში მიღებული დიდი გამოცდილება დაეხმარება ნოდარს შემდეგ ტურნირებში უკეთესად თავის წარმოსაჩენად.
ტურნირი თითქმის ყველა ქართველი მონაწილესათვის წარმატებული აღმოჩნდა და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი წარმატებები.
ვუსურვებთ თითოეულ მათგანს მომავალ გამარჯვებებს