6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 8-18 წლამდე კადეტთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
სწრაფ ჭადრაკში მონაწილეობდა 35 ქვეყნის 459 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 426.
ჩვენი სკოლიდან სწრაფ ჭადრაკში მონაწილეობა მიიღო ოთხმა მოსწავლემ, 10 წლამდე ჭაბუკებში ნიკოლოზ მაღლაკელიძემ და ნიკოლოზ ჯიბლაძემ, 12 წლამდე ჭაბუკებში დავით ჩანქსელიანმა და 16 წლამდე გოგონებში მარიამ გვათუამ (ოთხივე მათგანის მწვრთნელი კონსტანტინე შანავა). ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა დავით ჩანქსელიანს, მაგრამ საბოლოოდ რეიტინგით გაცილებით უფრო მაღალ მოჭადრაკეებთან მხოლოდ 5,5 ქულის მოპოვება შესძლო, რითაც საგრძნობლად მოიმატა რეიტინგ ქულები (138). ნიკოლოზ მაღლაკელიძემ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 10 წლამდე ჭაბუკებში საქართველოს ნაკრების მხრიდან, აიღო რა 6 ქულა და მოიმატა 105 რეიტინგ ქულა. ასევე რეიტინგები მოიმატეს ნიკოლოზ ჯიბლაძემ (28,4) და მარიამ გვათუამ (35,2). ელვისებურ ჭადრაკში მონაწილეობა აღარ მიუღია დავით ჩანქსელიანს. საუკეთესო შედეგი ჩვენი სკოლიდან მარიამ გვათუამ დააფიქსირა, გაიყო რა მეშვიდე-მეათე ადგილი და კოეფიციენტით დაიკავა მეცხრე.
ვფიქრობთ, დიდი გამოცდილება მიიღეს ჩვენმა მოსწავლეებმა მსოფლიო მასშტაბის ტურნირში მონაწილეობის მიღებით, რაც დამატებით თავდაჯერებულობას შესძენთ მათ და დაეხმარებათ მომავალში მეტი წარმატების მიღწევაში.
საქართველოს დელეგაციიდან, რომლის ხელმძღვანელიც საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა გახლდათ, საუკეთესო შედეგი 14 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ აჩვენა (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე), რომელმაც სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის, ხოლო ელვისებურში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მსგავსი სტაბილურობა ძალიან გასახარია და მიუთითებს ანასტასიას ძალიან დიდ საჭადრაკო პოტენციალზე. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ელვისებურ ჭადრაკში10 წლამდე გოგონებში ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გოგი მაჭარაშვილი), რომელმაც ასევე ძალიან სტაბილურად ჩაატარა ორივე ტურნირი (მეხუთე ადგილი სწრაფ ჭადრაკში) და აჩვენა საკმაოდ მაღალი კლასი თავისი ასაკისთვის.
მესამე ადგილი ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე გოგონებში დაიკავა კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე). კესარიას შესანიშნავი სტარტის შემდეგ ყველა ჩემპიონობას ველოდით, თუმცა საბოლოოდ ბრინჯაოს მედალიც რათქმაუნდა ძალიან დიდი მიღწევაა და მომავალში უდაოდ შეიცვლება უფრო მაღალი სინჯის მედლებით.
და კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ სწრაფ ჭადრაკში 18 წლამდე გოგონებში, სადაც დიანა ლომაიმ (მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) უშეღავათო ბრძოლებში დაიკავა მესამე ადგილი.
ძალიან ბევრ ჩვენს მოჭადრაკეს ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი, მაგრამ ზოგჯერ უიღბლობის, ზოგჯერ ცოდნის თუ ზოგჯერ ბოლო ტურის დაძაბულობის გამო ეს შანსები სამწუხაროდ ხელიდან გავუშვით.
პარალელურად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში, სადაც კესარია მგელაძემ 14 წლამდე გოგონებში უმაღლესი ქულით (40-დან 40) დაიკავა პირველი ადგილი.
ვულოცავთ მათ ამ წარმატებებს და ვუსურვებთ კოდევ უფრო დიდ გამარჯვებებს .